მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება



17-12-2015 Информация
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება




2016 წლის პირველი მარტიდან მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა, ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება.

ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის მიხედვით, 2016 წლის პირველი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხენა მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება.

► რეგისტრაციის აკრძალვა არ შეეხება საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებს - მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება.

► მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.

► გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.

"ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%", - განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.

"არ უნდა დავტოვოთ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკის მომგვრელი, არა რაიმეს აკრძალვები, არამედ, დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი," – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი ინიციატივას ძალიან დეტალურად განიხილავს.

"კომიტეტებს, რომლებიც შეირჩა, მინდა ვთხოვო, რომ განსაკუთრებით მიიღონ ზომები, რათა ამ საკითხის განხილვისას ვუზრუნველყოთ საჯაროობაც, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობაც. რაც შეიძლება კარგად განვმარტოთ, რა ნოვაციები შემოდის, რა იქნება სიახლე, ვისთვის რა იცვლება. კარგად ავუხსნათ მოსახლეობას მათთვის რა იცვლება და პირველ რიგში ავუხსნათ ის, რომ ვისაც უკვე ყავს ასეთი ავტომობილი, მათ რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ. არის სხვა თემებიც ამ კანონპროექტში, რომელსაც კარგი შესწავლა სჭირდება დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ყოველმხრივ დასაბუთებული და გააზრებული იქნება ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცვლილებები "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.