ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა 300 ლარამდე იზრდება



17-12-2015 Информация
ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა 300 ლარამდე იზრდება



საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის ფარგლებში მძღოლები ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის უმკაცრესაც დაისჯებიან. ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც იცით, შს სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა გაიზრდება და მისი ოდენობა 300 ლარით განისაზღვრება.

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის თქმით, კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს.
მისივე თქმით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50 ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.
“მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ, ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300 ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება”, – განაცხადა ხუციშვილმა.